Saturday, March 11, 2017

საგნის შეფასება - ლიტერატურა და ხელოვნება


  საგნის "ლიტერატურა და ხელოვნება" მთელი მუღამი არის თვითონ ლექტორი: ზაალ ჩხეიძე, ჩვენთვის ზალიკო (ეს სტუდენტები თუ ვლაპარაკობთ, თორემ როგორ უნდა მიმართო ახლაც არ ვიცი). პირველად როცა შემოვიდა აუდიტორიაში უკვე გვიანი იყო, მისთვისაც ბოლო სემინარი იყო და ჩვენთვისაც, მაგრამ მაშინვე შევამჩნიე უკან რამდენიმე სტუდენტი სიცილით რომ მოჰყვებოდა და წვერი რატომ გაიპარსეთო ეგეც კი ჰკითხეს, ყველაზე მეტად კი მისი დაჭმუჭნული, ამოსმუსნული პერანგი მომეწონა, რომელსაც საყელოც კი არ ჰქონდა სწორი, მაშინ ვიფიქრე ვიღაც საინტერესო ტიპთან მაქვს საქმე-მეთქი, ეს ცოტა პრაგმატული ვარაუდია, მაგრამ გული მიგრძნობდა თან და ეგეც დაემთხვა, ალბათ.
ასეც აღმოჩნდა, მისი ლექციები მუდამ საინტერესო და სახალისო იყო, მხოლოდ ბოლო ლექცია გავუცდინე, ისიც ვინანე... არ მენანება ამ საგნისთვის დახაჯული დრო, ყველაზე დიდ ენერგიასაც და დროსაც ამ საგანს ვუთმობდი, რადგან ახალი ბევრი რამ შემოვიდა ჩემში და თან მსიამოვნებდა ღამის 12 საათზე დაწყებული თემების წერა 4-5 ზე რომ ვამთავრებდი ზოგჯერ და დედლაინის მერე ვუგზავნიდი ქ. ნინო ქილარჯიანს. ბლოგზე ატვირთული თემები ძირითადად შეფასებულია 100, 91, 95, 88 ან 85 ქულით, ბოლო სამი თითოჯერ გვხვდება, მაგრამ მგონია არაა მთლად კარგი თემები, მხოლოდ რამდენიმე მომწონს, დანარჩენებზე უფრო "ვიფაფხურავე" და რაღაც გამოვიდა, ზოგჯერ უბრალოდ ზალიკოს გემოვნებას ვემთხვეოდი და მე რომ მკითხოთ, მჩუქნიდა ქულას, რადგან ხედავდა ნაწვალებს, ამდენი 100 არ მეკუთვნოდა, გულწერფელი აღიარება სჯობს. საბოლოოდ დამრჩა სურვილი, რომ არსებობდეს საგანი "ლიტერატურა და ხელოვნება II ", მაგრამ არაა :/

  მომენატრება ლექტორი, რომლის ალტერ-ეგოც გგონია ქილარჯიანი, ლექტორი, რომელიც ყველაფერს საინტერესო კუთხით გაჩვენებს და შეუძლია სრულად უსახური რამ მოგაწონოს, შეუძლია გასწავლოს ორი კონტრასტული შეფასების გაკეთება ერთ საგანზე და ამით მეორე პიროვნება გაგაცნოს, რომელიც კვლავ შენ ხარ, მაგრამ სრულად სხვანაირი ღირებულებებით, ერთად არსებობთ ერთ სხეულში, მაგრამ ვიღაც აღარ გაძლევს საშუალებას რამე ბოლომდე მოიწონო ან პირიქით, რამე ბოლომდე დაგმო, იმ პიროვნებას შეუძლია ფაქტი ამორალურად შეაფასოს (ზოგჯერ მაინც) და ამით შეგცვალოს. მომენატრება ჩემი ყურით მოთრეული თეორიები და მომენატრება ლექციაზე პომპეუსის დიარეაზე სიცილი... მაგრამ საჯარო ლექციებზე ხანდახან ამოვყოფ თავს და გავიხარებ ^_^ 

 და ბოლოს: საინტერესო საგანია, მაგრამ ლექტორი სუპერ-საინტერესოს ხდის...

No comments:

Post a Comment