შეიძლება თუ არა საზოგადოებამ გაიძულოს საკუთარი ნიჭი უკუაგდო - ამ კითხვაზე დაუფიქრებლად ვუპასუხებდი, რომ შეუძლებელია, მაგრამ განა ვფიქრობ ასე?! ვეცდები დაფიქრებულად გავცე პასუხი ამ კითხვას და იქნებ რამე საინტერესოს მივაგნო საკუთარ თავში...
ჩემი აზრით, პირველად ქალმა მაშინ იჩხუბა, როცა დაკაწრული, სისხლმდინარე ჭრილობებიანი სხეულითა და ხელში სავსე კალათით შინ დაბრუნებულს მეუღლე იქ დახვდა სადაც დატოვა. ეს მილიონი წლის წინ მაინც უნდა მომხდარიყო, მაგრამ განა დღეს იმავე სიტუაციაში არ ვართ? თითქოს არ არსებობს დიფერენცირებული საქმე, კაცი არაა მონადირე და ქალი შემგროვებელი, მაგრამ ოჯახში მაინც მკაცრად ნაწილდება როლები, ქალი მხოლოდ მაშინ გამოდის მთავარ ასპარეზზე, როცა კაცი უძლურია (როგორც წესი იუძლურებს თავს), იშვიათად, რომ ქალი საკუთარ თავს სრულად ავლენდეს, თუკი ამის აუცილებლობა არ არსებობს.
მუდამ მეგონა, რომ საქართველოში (რადგან ჩემი თვალი მხოლოდ ამ ქვეყანას იცნობს) ქალები ქმნიდნენ სისტემას, ქალები განაგებდნენ ობობის ქსელს, კაცები კი - ქსელზე მორბენალი მოქეიფე ჯიგრები - მხოლოდ მარტივ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთობოდნენ. არცთუ არასწორი შეხედულებაა, მაგრამ წლების შემდეგ ვხვდები, რომ ქალები არ დგანან სისტემის სათავეში. ჩემი შეხედულება ბავშვურ აღქმას უკავშირდებოდა, იმ გარემოს, რომელშიც გავიზარდე, გარემოს სავსეს მარტოხელა, ძლიერი ქალებით, ქალებით, რომლებიც საკუთარ ოჯახებს არჩენენ, ქალებით, რომლებიც მარტონი არჩენენ ოჯახს, წელებზე ფეხებს იდგამენ და ზრდიან შვილებს, ამავე დროს აგვარებენ საკუთარ ოჯახის წევრებთან პრობლემას და დამატებით მათ პრობლემებსაც, იხდიან მათ ვალებს, ამავდროულად უშლიან ძმაკაცებთან სუფრებს და თითებგადაჯვარედინებულებიღა ელიან მათ გაღვიძებას. მე ვთვლი, რომ ქალები უფრო ძლიერები არიან, რადგან მე მინახავს მათი ბრძოლა ცხოვრებასთან, მაგრამ ვერ ვიხსენებ კაცს, რომელიც დუელში იწვევს ცხოვრებას და უშიშრად უყურებს თვალებში... ამ სიტყვების თქმის უფლებას მხოლოდ პირადი გამოცდილება მაძლევს, მაგრამ არ ვამტკიცებ მსგავსი გამიჯვნის სისწორეს, პირიქით, ვიცი, რომ არასწორია, სუბიექტური და ფარდობითი, მაგრამ მასობრივი პრობლემაა და სტატისტიკა მიმაგრებს ზურგს.
ჯერ არ მგონია უახლოეს მომავალში ვაფრიალო პლაკატი -"გენდერული თანასწორობა", მაგრამ მასზე ლაპარაკის სურვილი ხშირად მიჩნდება, რადგან ვხედავ რამდენად არაობიექტურია მის მიმართ დამოკიდებულება. დღეს მოვისმინე კაცების საუბარი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ქართველებს ტოლერანტობა არ გვესწავლება, რადგან ეს სისხლში გვაქვს და ფრაზამ - "გენდერული თანასწორობა" - ჩვენში ფეხი არ მოიკიდა, რადგან პრობლემა არ ყოფილა საქართველოში, თურმე ჩვენ ქალს მუდამ პატივს ვცემდით (პირველი რამდენად სისხლში ქონა და რამდენად ეკონომიკური გათვლა იყო გარჩევას არ დავუწყებ და თუ ვინმე აღმაშენებლის დროს დაწესებულ გადასახადს გაიხსენებთ იქნებ მის ეკონომიკურ ანალიზს მიმართოთ, ახლა კი მეორეს მივხედოთ) დიახ, უდავოდ ჭეშმარიტია მათი მტკიცება, რომ ქალებს უდიდეს პატივს ვცემთ ერთი პატარა ნიუანსის დამატებით, მაშინ როცა ღვინით სავსე სასმისი გვიჭირავს ხელში ქალი სალოცავი ხატია, მაგრამ სახლში მისულებს გადაქალებული ქალები ხვდებიან ვგონებ, დაახლოებით ის სიტუაციაა "გაუმარჯოთ პატარა ანგელოზებს, ბავშვებს, წადი შვილო რა გინდა აქ, მიდი დედაშენთან, ჩვენს მომავლის იმედებს, მათთვის გვინდა ყველაფერი, მომწყდი თავიდან, ხო ხედავ შენთვის არ მცალია (ჰო, როდის გცალია, ახლა რომ გეცალოს)". როგორც ვხვდები, ღვინის მოლოდინში რაღაც საოცნებო აბსტრაქციას ლოცავენ, ყველა მამაკაცი ფეხზე დგება დედის სადღეგრძელოს თქმისას, მაგრამ ბევრი დაფასებული დედა გინახავთ? მე არა... მე ვაჟკაცებისგან გაწამებული, გადახვეწილი დედები უფრო მახსენდებიან. მაშინ, როცა სანაქებო კაცები ამტკიცებდნენ გენდერული უთანასწორობა ქართველთა პრობლემა არ არისო, იმ მაგიდასთან ქალი (ისიც პოტენციური) მხოლოდ მე ვიდექი და გულში მეცინებოდა მათ სიტყვებზე, როგორი შემართებით ლოცავდნენ მანდილოსნებს, როგორ უტიფრად ანთხევდნენ ამ ტკბილად ნათქვამ სიტყვებს, როგორ აყრიდნენ ერთმანეთს ნაცარს თვალებში, განა ყველამ არ იცოდა საკუთარი სიტყვების სიცრუე? მაგრამ რეპუტაციის შერცხვენას საკუთარი მორალის შერცხვენა ამჯობინეს, მორალის, რომელიც რუდიმენტადღა დარჩა შუბლისძარღვგაწყვეტილ საზოგადოებას.
არ გეგონოთ ამ სიტყვების მიზანი ქალთა განდიდებაა, მე მხოლოდ საზოგადოების დამოკიდებულებას განვიხილავ ჩვეულებრივად ცოდვილი ქალების მიმართ, რომლებიც შემთხვევით ჩაგრულთა როლში აღმოჩნდნენ. ახლა მათი გარკვეული ნაწილი ცდილობს ამოძვრეს იმ ღრმა ორმოდან, რომელსაც ქალის სტატუსის ტარება ჰქვია. სირცხვილია, როცა ქალს ნაკლები შანსი ეძლევა მამაკაცთან შედარებით, როცა ის ნაკლებად თავისუფალია გადაწყვეტილების მიღებისას, როცა საზოგადოება უფლებებთან შედარებით კატასტროფულად გაბერილ მოვალეობებს აკისრებს. წინა წინადადება დავიწყე სიტყვებით: " მამაკაცს მეტი შანსი ეძლევა ვიდრე ქალს", შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს გაბრაზებული ბუზღუნი იყო და არა ობიექტური ანალიზის მცდელობა, პირადად მე არ ვითხოვ მამაკაცების შანსი გაუთანაბრდეს ჩვენსას, მე ვითხოვ ჩვენი შანსები გაუთანაბრდეს მამაკაცის შანსებს, მე ვითხოვ ჩვენი შრომაც ისე ფასდებოდეს, როგორც კაცისა ფასდება, მე მინდა ოჯახში მუშაობა აღწერადი გახდეს, არ მინდა მესმოდეს სიტყვები "მე გაჭმევ, გასმევ და რა გინდა", უბედურია ვინც ამას ამბობს, მარტო ეცხოვრა და ნახავდა ვინ ვის აჭმევს. აღარ მინდა "გვარის გამგრძელებლის" თემას შევეხო რაც ამოუხსნელი ფენომენია, მირჩევნია ვეძებო ის ხარვეზი, რაც იწვევს ქალების სახლში გამოკეტვასა და მათ თანხმობას უარი თქვან კარიერაზე და საკუთარი შრომა აღურიცხავი გახადონ. საინტერესოა, რა იქნებოდა ცოლებმა ხელფასი რომ მოითხოვონ თითოეული კარტოფილის გაფრცქვნაში, დაჭრასა და შეწვაში, ტაფის გარეცხვასა და გახეხვაში, რომელი ქმრის ჯიბე გასწვდებოდა ცოლის ყოლის ხარჯებს... ვწერ და გული მერევა იმ სიტუაციაზე რაც არის, მახსენდება წლების წინ მოსმენილი სიტყვები, როცა ერთ-ერთი საასულიერო პირი ექსკურსიაზე მეუბნებოდა, რომ ეს ქალები სწავლას რომ მიჰყვებიან მერე აღარ თხოვდებიან, ერს კი გამრავლება სჭირდება და მაოცებს მისი მტკიცება, რომ ჩვიდმეტი წლისებს ქმარიც უნდა გვყავდეს და შვილიც.
ბევრგან გადავუხვიე იმას, რის გამოც წერა დავიწყე, იმ ჯანდაბობის გამო, რომ გენდერის მხრივ უამრავი პრობლემა არსებობს... მთავარი მიზანი მქონდა მელაპარაკა თვითუარყოფასა და მის გამომწვევ მიზეზებზე. ჩვენი "ქალებად" (ამ შემთხვევაში ნეგატიურ კონტექსტში) ჩამოყალიბება იწყება დაბადებიდანვე, მაშინ, როცა თავიდან პატარა ანგელოზები ვართ (ბიჭები უფრო "მამას ვაჟკაცები" ისიც ბავშვს თუ გაუმართლა და ყურადღებიანი მამა ჰყავს), ცოტა რომ წამოვიზრდებით "დედას მიეხმარე, სუფრა გაშალე-აალაგეები" ვართ, მერე უფროსების ლაპარაკში ყურს მოვკრავთ და ვხვდებით, რომ გოგო წავა და ბუდიდან გაგიფრინდება, ტერმინი "ცოლი მომყავს" არის და არა "ვქორწინდებით", ჩვეული ფრაზებია : "კარგ ხელში ჩავარდა", "უდაჩნად გათხოვდა", "ვინ მოიყვანს ამას", "სახლიდან გამოაგდებენ", "ბოზი"... ეს სიტყვები გვიტრიალებს ყურში, როცა გარდატეხის ასაკს ვაღწევთ, მერე ჩვენც ეგრე ვფიქრობთ, ბოზი თუა უეჭველად ქალია, ბოზ კაცზე ჯერ ძალიან ცოტა მსმენია (მე კიდევ მსმენია და უმრავლესობა თქვენგანს დარწმუნებული ვარ არ გსმენიათ), თუ ვინმეს ვინმე გაუბოზდა ქალი გაბოზებულა, თუ ნახმარია ქალია, ნუ რქები კაცს დაადგეს უეჭველად, აბა ქალს რომ უღალატებენ ეგ ჩვეული მოვლენაა და "ნიჩიო", ამის მერე მიდი და კიდევ იმაზე იოცნებე როგორი წარმატებული კარიერა გექნება და რა ბედნიერი იქნები, ეგრევე ხვდები რომ თუ ჭურჭელი არ რეცხე და ქმარს ჩაქაფულები არ უკეთე მაგრად გაქვს დარხეული. თუ მეოცნებე ხარ და ასე 18-19 წლისას კიდევ გრჩება იმედი, რომ შენი შრომით აჯობებ იმ დებილი ქალების არმიას, რომლებსაც ქმრები "უჩალიჩებენ" ძმაკაცებთან სამსახურს, რო გაერთოს ცოლი რაა ხო ხვდები არაა, სახლში ხო არ დასვამს (ესენი განვითარებულები არიან და ვაფასებ, აქ ქალები არიან დეგენერატები სამსახურს რომ სერიოზულად არ ეკიდებიან), აჯობებ დებილი კაცების არმიას "მამიკოები" რომ უჩალიჩებენ და აბობღდები სასურველ სამსახურში, ეგ იმედი მაშინ ხდება მომაკვდავი, რომ ხვდები რომ სუფრებზე წყდება ეშელონების საკითხები და შენი პროფესიონალიზმი კი არა ორი რამ გჭირდება: 1. მოხვდე საჭირო დროს საჭირო სუფრაზე და 2. კარგად მღეროდე და "კაი ლექსიცა თქვააა". ყველაზე რთული მაშინაა, როცა ეს იმედი ისევ გრჩება და იმ სადღაც მიმალულ შესაძლებლობას ელი შენი ნათქვამი საკუთარი ნააზრევით რომ მიიღებ დამსახურებულ ადგილს და არა ვიღაცის დაწერილი ლამაზი რითმებით (თან ხალხური სიმღერაც კაცებისაა და ლექსებიც კაცებს უხდებათ, ამიტომ იმ ბედნიერი ორი პუნქტის იმედად ყოფნა არ ღირს) ხო და მოკლედ მაგ მომაკვდავი იმედის გვერდზე შენში ეს ინფრორმაცია თანაარსებობს, და ერთ საბედისწერო მომენტში აღმოაჩენ, რომ საზოგადოება მართალია როცა ორ თანაბარძალოვან ქალსა და კაცს შორის ქალს ირჩევს, ხვდები, რომ იქ ცდებოდი, როცა ქალების მენტალურ მდგომარეობას ჯანსაღად მიიჩნევდი, დაგავიწყდა, რომ მათ მამამ უკვე უთხრა რად გინდა წიგნი მოდი აქ უნდა დაგლოცოო და ცოტა ხანში დედასთან გააპანწიალა, დაგავიწყდა რომ ეს დაილექა სადღაც, დაგავიწყდა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას შეაწუხებს ეჭვი "კაცი უკეთ ხომ არ იზამდა", იმიტომ რომ არ უნახავს ქალი გადაწყვეტილებას იღებდეს და ეშინია, ეშინია და ამას ვერ შეცვლი. დაგავიწყდა ისიც, რომ ერთნაირად ნიჭიერ და-ძმას შორის ბიჭი რამდენიმე ადგილას მიაბარეს, რამე რომ ესწავლა, გოგოს კი ის მწირი წიგნიც კი ეყოფოდა რომლის კითხვის სურვილიც მაშინ დააკარგვინეს როცა დასალოცად შეიყვანეს "ზალაში"...
მაგრამ დაავიწყდათ კაცებს, რომ შეიძლება ძალიან, ძალიან გაბრაზდე, დაავიწყდათ, რომ კარგი წვრთნა ჩაგვიტარეს, ვიცით, რომ უხილავი ბარიერი ორთქლით შეგვიძლია შევამოწმოთ, ის ბარიერი წლების განმავლობაში რომ გვაჩერებდა, დაავიწყდათ, რომ ისინიც ისევე არიან დამოკიდებულები ქალებზე, როგორც ქალები მათზე და მალე ქალები ძალიან, ძალიან გაბრაზდებიან, ეს კარგს არავის მოუტანს, მაგრამ მთავარია ვიღაცამ ინანოს სიტყვები, რომ წინა საუკუნეში უფლებები მომცა, მაშინ, როცა, ჩემი აზრით, საუკუნეების განმავლობაში მე, როგორც ქალს, ჩამორთმეული მქონდა ეს უფლებები და წინა საუკუნეში მე დავიბრუნე ჩემი ხმა და შენნაირი ნაგავი კაცები მაშინაც წინააღმდეგები იყვნენ, ვიღაცებს შეხსენება სჭირდებათ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და ხშირად მათზე ჭვიანები და ნიჭიერები, შრომისუნარიანებიც და მონდომებულებიც. გაიხსენეთ ვისზეც კი ოდესმე გსმენიათ, ერთ "მონსტრ" ქალს მაინც იპოვით, გიჟური ცოდნითა და უნარებით და იცი სად დაგენძრევათ მამიკოს დასმულ ახლა უკვე მამიკოებს? როცა ასეთი მონსტრი ქალები ბევრნი იქნებიან და ეჭვი მაქვს, ეს დრო მალე მოვა.
კაცებიც უჩივიან რთულ ცხოვრებას და მათაც ისევე ვუჭერ მხარს, როგორც ორმოში ჩავარდნილ ქალებს (ორმოში ჩავარდნილები, მარტო ისინი არიან ვისაც საკუთარი უნარების გამოყენება სურთ, დანარჩენები მასაა), ჯანსაღი კონკურენცია, აი, რა გვინდა, არც მოძალადე ქმრები გვჭირდება და არც ლოთი შვილები, არც ბოზი შვილები, არც უტვინო მშობლები და არც კაპარჩხანა ცოლები, (შეგიძლიათ "ქმრებს", "შვილებს", "მშობლებსა" და "ცოლებს" ადგილები უცვალოთ უსასრულოდ ამ წინადადებაში).
ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიჭყიპინოთ, მშვენივრად ვიცით, რომ კაცების ქვეყანაში ვცხოვრობთ, დიახ, მაშინ როცა ჩვენ ვქსოვდით, კაცები ისტორიას ქმნიდნენ, მხოლოდ გამონაკლისები აღწევდნენ ხელსაქმეს თავს და დიახ, მსოფლიო მშვენიერია, მაგრამ წარმოიდგინეთ ადამიანების შექმნილი ქვეყანა, ჭკვიანი ადამიანების შექმნილი ქვეყანა, იმ ადამიანების შექმნილი ქვეყანა, რომლებიც საკუთარი გონებრივი შესაძლებლობებით აღწევდნენ წარმატებას და არა სოციალური მდგომარეობით (მატერიალური, გენდერული...), არ მინდა მატრიარქატში ცხოვრება, რომელიც მოსალოდნელია მალე დადგეს, რადგან ნანახი მაქვს პატრიარქატი და მგონია, რომ ხიხიაა...
No comments:
Post a Comment