2008 წელი საქართველოს უახლესი ისტორიის წითელი წერტილია. წითელი და არა შავი, რადგან დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობა, რომელიც რვა აგვისტოს მოგვაყენეს და გაგრძელდება, მანამ უკანასკნელი დევნილი დაუბრუნდება საკუთარ მიწა-წყალს, ბაღ-ვენახს, კერას. რვა წლის შემდეგ ვიხსენებ იმ პროცესებს, რომელიც ბავშვის თვალით დავინახე და ახლაც ვერ გამიცნობიერებია სრულად. მახსოვს, რვა აგვისტოს ჩამოვარდნილმა ბომბმა მთელი ქალაქი დააფრთხო და ააფორიაქა, არსად გადიოდა ზარი, უაზრო არეულობა და მაშინ, როცა არავის ეცალა ჩემთვის თავს ბიცოლაჩემის ჩანთაზე დახატული ფუტკრების ცქერით ვირთობდი. ბიძაჩემთან დაკავშირებას ვცდილობდით და თან სადარბაზოსთან ვიდექით, რომ ან სარდაფში ჩავსულიყავით, ან ვინმე მომსვლელს დავხვედროდით ან... გავქცეულიყავით... იმ დღეს გადაწყდა, რომ სოფლის სახლში გავხიზნულიყავით. წავედით და წავიყვანეთ ყველა, ვინც მანქანაში ჩაეტია, ზოგის წამოსაყვანად კი დაბომბილ ქალაქში ბიძაჩემი დაბრუნდა და მალევე დაიწყო ჩემი ზაფხულის საოცნებოდ ხალხმრავალი არდადეგები. ახლაც ღიმილით ვიგონებ ფრაზებს "თამუნია-თაგუნია", "ელდარიკო-მოლეკულიკო". სახლში ოთხი ბავშვი ვიყავით და მათ შორის მე ყველაზე პატარა, რომელსაც კარატეს შესწავლაც ისევე უხაროდა, როგორც მთაზე ქალაქის დასაზვერად გასეირნება. ჩემი საყვარელი წითელი მაისური მეცვა და სწრაფად შემმალეს ბუჩქებში, მაშინ პირველად მოვისმინე, რომ გორის ციხეზე რუსებს სნაიპერი ჰყავთ და შეიძლება შეგვამჩნიონო, არა და არც სნაიპერის მნიშვნელობა ვიცოდი დარწმუნებით და ბავშვური ფანტაზიით წარმოვიდგინე ყოვლისშემძლე მექანიკური მოწყობილობა, რომელიც კლავდა ნებისმიერ მოძრავ წითელ წერტილს, ანუ მე. ცოტა გააზვიადეს მაშინ, მაგრამ მე კი დავიჯერე და ბედნიერი ვიყავი, ცოცხალი ვბრუნდებოდი სახლში, რაღა მიჭირდა.
სოფლის ტრადიციულად ცარიელი სახლი სავსე იყო ხალხით, ზოგ ღამეს ჩვენი რაოდენობა ჩვიდმეტს აღწევდა. მუდამ მოძრაობდა ხალხი, ზოგი რამდენიმე დღით რჩებოდა, ზოგი რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა, ზოგი მხოლოდ ღამით მოდიოდა.
მაშინ ყველაზე ძლიერი, ვფიქრობ, დედაჩემი იყო. საქართველო ჯერ კიდევ ცხელ წერტილს წარმოადგენდა, წითელი ჯვარი რომ შემოვიდა და ჯგუფების ქართველი ექიმებით დაკომპლექტებას შეუდგნენ. ხელფასის განსაზღვრისას ქართული მხარეც ჩაერთო და რატომღაც ქართველების დაჟინებული მოთხოვნით ექიმის დღიურმა ხელფასმა 25 ლარი შეადგინა. არ მახსოვს, როგორ მიდიოდა დედაჩემი დილით, რადგან მეძინა, მაგრამ მახსოვს როგორი გულაჩქროლებული ველოდი მის დაბრუნებას, რადგან საჭმელთან ერთად ხშირად მოჰქონდა ტკბილეული, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში გვინაწილებდნენ, მე ხომ ვერც ვხვდებოდი საიდან მოდიოდა დედაჩემი. ერთ დღეს ჯარისკაცთა ორი ულუფა მოიტანა. გასინჯვა მოვინდომე, იმედგაცრუებულს საშინელი ლობიო შემრჩა ხელთ.
დიდი დრო არ იყო გასული, ჩვენი სახლის თავზე თვითმფრინავებმა რომ დაიწყეს ფრენა და ბედნიერი მე ხელის ქნევით ვესალმებოდი ქართველ ჯარისკაცებს. მერე გავიგე, რომ ქართული ჯარი ატენის ხეობაში გამოქცეულა, ჩვენი უძლეველი ჯარი. მათი გაკერპება მაშინ დავასრულე, როცა რამდენიმე მათგანს სამოქალაქო ტანსაცმელი მივეცით, რათა რუსები გაეცურებინათ, ძირითადად ითხოვდნენ ფეხსაცმელს. მივხვდი, რომ ქართული უკვდავთა არმიის ჯარისკაცები მოკვდავი ადამიანები იყვნენ. დამეწყო წარმოდგენები, რომ ქართული ტანკები მიქროდნენ ტანას ხეობისკენ და მათ რუსული ტანკები ეწეოდნენ.
ნელ-ნელა იძაბებოდა სიტუაცია სახლში. გამაუგნებელი იყო უთბილესი დედაჩემის ქცევა, როცა ჩემი უჭმელობის გამო გაცეცხლებული მიყვიროდა, მაშინ ისე შემეშინდა, რომ გარეთ გამოვვარდი და ტოტების გროვის გარშემო დავდევდით მე და გაუცხოებული დედაჩემი ერთმანეთს. როდის მოკიდა ხელი ჯოხს არც მე მახსოვს და ვერც ის იხსენებდა, მაგრამ უმისამართოდ გასროლილი ტოტი შემთხვევით მე მომხვდა და ტუჩი გამიხეთქა. რომ ჩავიკეცე და ხელი გამისისხლიანდა ბებიაჩემი მომვარდა და ამის შემდეგ მე და დედაჩემი ერთად ვტიროდით, მახსოვს, როგორ იდანაშაულებდა ახლა უკვე ძველი დედაჩემი თავს, მიხდიდა ბოდიშს და ერთი ისტერიიდან გამოსული, მეორე ისტერიაში ჩავარდნილი კანკალით ამბობდა რაღაც სიტყვებს. დიდხანს ვაკვირდებოდი ჩემს დასიებულ ტუჩს სარკეში, მაგრამ ის არაფერი იყო, მთავარი იყო წყენა, რომლის მიზეზადაც წყეული ომი იქცა, სწრაფად დამავიწყდა, მაგრამ დამასერიოზულა.
რაღაც დროის შემდეგ ბიძაჩემმა გორის ნახვა გადაწყვიტა და ერთ დღესაც ის და ბებიაჩემი გამოეშურნენ ქალაქისკენ. საღამოს დაბრუნებულები რაღაცას ყვებოდნენ, მაგრამ მე ბიძაჩემის მშენებარე სამსახურის სურათს ვუყურებდი და მიკვირდა, უფანჯრო შენობაში კონდენციონერები რატომ ეკიდა. შემდეგი რაც მახსოვს, მეზობელმა ვანომ გორში დაიწყო სიარული ფეხით, მუდამ ერთ სურათს ვხედავდი, როგორ მიდიოდა ნელი ნაბიჯით ატენის გასასვლელთან. ომი მაშინ დასრულდა ჩემთვის, როცა მათ (ვანომ და მისმა ოჯახმა) პირველად მოიტანეს საჭმელი (აქამდე, როგორც ვთქვი, დედაჩემს მოჰქონდა). კონსერვებით გამოიტენა ჩვენი მაცივარი და სტუმრებმა დაგვტოვეს. დარჩა ისევ ცარიელი სახლი.
გორში დაბრუნება ჩვეულებრივი იყო, ერთი განსხვავებით: ატენისა და ხიდისთავის გზაგასაყარზე წივილი დავიწყე, აი, ტანკებს კვალი აქ დაუტოვებიათ-მეთქი, ამით ჩემს წარმოსახვებს ვამტკიცებდი და თითს გადამსკდარი ასფალტისკენ ვიშვერდი.
ასეა, თუ ისე, რეალურად ომი ჯერაც არ დასრულებულა. სკოლაში ვნახე, რომ ჩემი კლასი გაზრდილიყო და უკვე 45-მდე მიგვეღწია. ყოველ დილით ვხედავდი გატენილ ავტობუსს, რომლიდანაც ახალი, უცხო ბავშვები მხიარულად ჩამოდიოდნენ, ხშირად მდომებია მათთან ერთად წასვლა, მე არ ვიცოდი სად მიდიოდა ოცნების ავტობუსი. აღარც ტუჩი მახსოვდა და აღარც გორის ციხის სნაიპერი, ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდი და ახალი მეგობრებიც გავიჩინე, რომლებიც მეგონა, რომ მალევე უნდა დაბრუნებულიყვნენ სახლებში, მაგრამ მას შემდეგ რვა წელზე მეტი გავიდა და ისინი დღესაც გორში არიან, ქალაქში, რომელსაც სულ უფრო უახლოვდება მცოცავი საზღვარი, ქალაქში, სადაც პატარა სოკოებივით ამოსულ კოტეჯებში ხალხი მუდმივმოსახლესავით ცხოვრობს (ან კი საჭიროა მივუმატო "სავით"?!).
დღეს ყველაზე მეტად მაღიზიანებს, როცა მათ სტატუსს არასწორად ამბობენ. ისინი არიან დევნილები, დევნილები ქართული ტერიტორიიდან და გადაცხოვრებულები კვლავ ქართულ ტერიტორიაზე და არა ლტოლვილები, როგორც ხშირად უწოდებენ მათ.
ამ ბლოგპოსტის სათაური უნდა ყოფილიყო "რატომ დატოვა 2008 წელმა საბჭოთა კავშირი ბუად, ანუ ახალგაზრდების მორალი კიცხავს ბაბუებს" და დასრულებულიყო სიტყვებით "ამ ჭრილობიდან დღესაც გვდის სისხლი", მაგრამ არც საბჭოთა კავშირთან პარალელის გავლება მინდა, არც აფხაზეთის ომთან და არც თურქულ ზავზე დაყრდნობილ მისაკუთრებასთან, უბრალოდ მინდა, მახსოვდეს ეს ამბავი მანამ, სანამ ცხინვალის წყალი კვლავ არ მოამარაგებს გორის რაიონს, მანამ, სანამ ქართულ მიწაზე შესვლისთვის ქართველს აღარ დააკავებენ, მანამ, სანამ ქართული მიწის ოკუპაცია არ დასრულდება.
აი, მერე ჭირსაც წაუღია ასეთი მოგონებები!
No comments:
Post a Comment