საბჭოთა კავშირზე ლაპარაკი ქართველებისთვის ისტორიულ თემას სცდება, ჩვენ მას კომპლექსურად, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მომავალი რისკების კონტექსტში ვაფასებთ. ჩვენი ერის უმრავლესობას მის მიმართ ფიქსირებული შეხედულება გააჩნია, მხოლოდ მცირე ნაწილი თუა ნეიტრალურად განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის სისხლიანი ისტორია ყველამ კარგად ვიცით, ჩვენს ქვეყანაში მისდამი სიყვარულით განმსჭვალული კვლავ ბევრია, ზოგის დამოკიდებულება ფანატიკურიც კია, სტალინის სიყვარული კი მის ქართველობაზე გადის (კაცის გულამდე გზა კუჭზე გადისის რემიქსივით).
ჩემი მეგობრების აბსოლუტურ უმრავლესობას ანტისტალინისტი შემიძლია ვუწოდო. სულ მეგონა ხოლმე, რომ სტალინს (რომელსაც სსრკსთან აიგივებს ჩვენი ერი) ყველაზე მეტი მომხრე გორში ჰყავდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდებში პირიქითაა, არაგორელი მოტრფიალეები უფრო აქტიურობენ, ვიდრე გორელები. კომუნისტური პარტიის არსებობას რაც შეეხება, მისაღები, დასაშვები და ლოგიკურიცაა, მაგრამ არა ისეთი მიდგომებით, როგორსაც ისინი ამჟღავნებენ, ცრუმორწმუნეობას უფრო ემსგავსება. თანამედროვე კომუნისტური პარტია წესით ფუნდამენტურად უნდა გაემიჯნოს საბჭოთა კავშირს, საჭიროა კომუნიზმის იდეის ევოლუცია და თანამედროვე სტანდარტებთან მორგება, ამ შემთხვევაში მსგავს იდეოლოგიას შეუძლია მხარდაჭერის მოპოვებაც და რეალური სიკეთის მოტანა, მაგრამ ქართველი კომუნისტები საბჭოთა კავშირელები და სტალინისტები არიან რეალურად, ისინი ერთიანდებიან ბოროტი მანქანის გარშემო და არა ხალხის კეთილდღეობის გარშემო.
თანამედროვე ქართველი კომუნისტები (საბჭოთა კავშირის ფანები) უცნაური ხალხია, აქტივისტობას მოხუცები უფრო ირგებენ, ახალგაზრდები კი მეგობრებთან კამათობენ. აქტივისტებს რაც შეეხებათ, მინდა გავიხსენო მათი მიტინგი გორში, რომელიც სტალინის ძეგლის აღებას უკავშირდებოდა (შეიკრიბდნენ ყველა კუთხიდან). მათ თავი შეირცხვინეს, როცა სტალინისტთა ღირებულებების დაცვის მაგივრად რუსეთის დროშები ააფრიალეს და სწორედ ამაზე მინდა ორიოდე სიტყვის თქმა.
რამდენი რესპუბლიკის გაერთიანებაც არ უნდა ყოფილიყო და როგორც არ უნდა ემტკიცებინათ, რომ თანაბარუფლებიან რესპუბლიკათა კავშირია, ჩვენ ხომ ვიცით, რომ საბჭოთა კავშირს ლიდერობდა რუსეთი და დღეს ამ იმპერიის სამართალმემკვიდრე არის სწორედ რუსეთის ფედერაცია, რომელიც დღესაც ამჟღავნებს მისწრაფებას დაუბრუნდეს ნახევარი საუკუნის წინანდელ საზღვრებს. ამისთვის რამდენიმე ფოკუსი უკვე ჩაატარა.
ქართველებისათვის რუსეთთან ურთიერთობა განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ჩვენ გვახსოვს აფხაზეთის ომი, რომელმაც აფხაზეთი მოგვწყვიტა, რუსებმა ჩაატარეს ეთნიკური წმენდა და ქართველებს აგვეკრძალა ჩვენსავე მიწაზე შესვლა. აფხაზეთის ომი დარჩებოდა 70–იანი 80–იანი წლების თაობის მეხსიერებაში და საზოგადოდ დავიწყებას მიეცემოდა ნელ–ნელა, მაგრამ 2008 წელმა შექმნა ინფორმაცია 90–იანი წლების თაობისთვის, ამ ომმა ჩვენს მეხსიერებაში დაიბუდა და შეგვახსენა წარსული, შეგვახსენა აფხაზეთი, სამაჩაბლო, ფიქრი დაგვაწყებინა დამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროებაზე. ამ ომმა განსაზღვრა ჩვენი გრძნობები რუსეთის მიმართ, ჩვენი შიში ბუნდოვანი მომავლისა და დიპლომატიური ბრძოლის დაწყება, რომელიც შეჩერებული იყო.
და რა შუაშია საბჭოთა კავშირი, ქართული მორალი ან ახალგაზრდობა?! მოვყვეთ ბოლოდან, ახალგაზრდებმა დაიწყეს აჯანყება, დაუპირისპირდნენ რომანტიკოს კომუნისტებს, საკუთარ თავში სიტყვების ნაცვლად "აი, სტალინის დროს..." ჩაწერეს "უფრო მნიშვნელოვანია რა იქნება..." და შექმნეს ახალი ქართული ძალა, ახალი ტალღის მოძრაობა წითელი მედროშეების საპირწონედ. რა შუაშია ქართული მორალი?! ჩვენი 20% ოკუპირებულია და ამას არ ვივიწყებთ და ჩვენი მორალი გვაიძულებს, რომ ამის გამო ოკუპანტი აღარ გავაზესახელმწიფოვოთ ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენი მორალის მიხედვით რუსული პოლიტიკის მოყვარული საქართველოს მტერია, რაც სიმართლეა!!!
და მივედი მთავარ იდეამდე, დღევანდელი მდგომარეობის გამო საბჭოთა კავშირის ბუად ყოფნა: როგორც უკვე ვახსენე, რუსეთი არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, რომელიც კვლავ მიილტვის მისი აღდგენისაკენ. როგორც უკვე ვთქვი, რუსეთთან მიმართებაში ჩვენი ეროვნული მორალი ირთვება. საბჭოთა კავშირის განდიდება არის ქვეყნის ღალატი, რადგან ის ექვივალენტურია მხარი დაუჭირო რუსეთის პოლიტიკურ მისწრაფებებს. ჩემი აზრით, აფრიალო წითელი დროშა ნიშნავს აფრიალო რუსეთის დროშა, რომ დაივიწყო ახალგაზრდათა დაღვრილი სისხლი, დაივიწყო საკუთარი თავი, დაივიწყო დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა.
ვფიქრობ, რომ ბრალდება "თქვენ არ იცით ისტორია" "თქვენ გჯერათ იმის, რასაც სტალინის მტრები, ან საბჭოთა კავშირის მტრები ლაპარაკობენ" არის არამართებული, რადგან ჩვენი ზიზღი და შიში საბჭოთა კავშირისა არა საბჭოთა კავშირის ისტორიის ცოდნიდან გამომდინარეობს, არამედ იმ გამოცდილებიდან, რომელიც საქართველომ მიიღო და ეს გამოცდილება არა მხოლოდ მეოცე საუკუნეს, არამედ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის, მისი პირმშოს მოქმედებას უფრო უკავშირდება. თუ ბებია–ბაბუების თაობა კომუნიზმისას გაიზარდა, ჩვენ ბავშვები ომის დროს ვიყავით, ომისა, რომლის მიზანიც საბჭოთა კავშირის ძველი ტერიტორიის დაბრუნება იყო (სხვა საბაბით, მაგრამ ამ მოტივით).
ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს როგორ ცხოვრობდა ხალხი სტალინის დროს, როგორ იყო ყველა მაძღარი ან რამხელა დოვლათი იქმნებოდა, ჩემთვის პრინციპულობა უფრო მნიშვნელოვანია და ქართული მორალის პრინციპების მიხედვით საბჭოთა კავშირის მხარდაჭერა ერის ღალატია მომავალი საფრთხის გამო. გაკიცხვა და გაკრიტიკება საბჭოთა კავშირის უკუგდებისთვის შეუფერებელია შეგნებით ქართველისთვის ან შეგნებით თავისუფალი მოქალაქისთვის.
ცხადია, ყველას გვაქვს პირადი მოსაზრებები, მაგრამ არის მომენტი, როცა არამცთუ უნდა ლანძღო, ვინც გიპირისპირდება, არამედ დაივიწყო სუბიექტური სიმპათია და თქვა უარი აზრის გამოხატვაზე (ეს არაა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ეს უნდა იყოს თვითშეგნების შედეგი), რათა არ მიაყენო შეურაცხყოფა საკუთარ თავს, საკუთარ სინდისს და განსაკუთრებით საკუთარი სამშობლოს პოტენციურ მომავალს.
No comments:
Post a Comment