Thursday, November 9, 2017

რომელია?

 ჩამოვედი და შესასვლელისკენ გავემართე. ისეთი წვიმა მოდიოდა, თითქოს კი არ წვიმს, წყლით გაჟღენთილი ნისლით ინამები შეხებისას. მხოლოდ ასეთი წვიმა მიყვარს, სხვა დროს ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ერთი თავხედი, დიდი წვეთი და ზუსტად იმ ადგილას გეცემა, სადაც თმა გაქვს გაყოფილი, მერე მაჟრჟოლებს ხოლმე... ასეთი წვიმა კი, ასეთი წვიმა სახეზე სასიამოვნოდ, ზაფხულის გრილი ნიავივით გეფერება.

 ჩემი გრძელი შარფი ყოველთვის რამდენიმე პირად მახვევია ყელზე და თავს ვრგავ მასში, არა, განა მცივა, ტრადიციაა უბრალოდ. იმ დღესაც ასე მივაბიჯებდი, გრძელი პალტო მეცვა, ნაქსოვი შარფი მეხვია და ჰო, კოჭი მიჩანდა. ბებიაჩემი სულ მაფრთხილებს ფეხი არ გაგიცივდესო, მაგრამ ვინ უსმენს. აი, ხელები კი ყოველთვის ჯიბეებში მაქვს ჩაწყობილი, ხელებს სულ ვუფრთხილდები. ხან ვზივარ და ვუყურებ, ჯერ მარჯვენა ხელს, ვაკვირდები თითების მოყვანილობას, ფორმებს, მერე მეორე ხელით ვეხები და შევიგრძნობ როგორ მოდის ჯერ დენდრიტებში, მერე აქსონებში იმპულსი. ისე რა საინტერესოა, სინამდვილეში ხომ ტვინი გრძნობს, მაგრამ მაინც გვგონია, რომ ხელი გრძნობს.

 რა დროს ამაზე ლაპარაკია, მაგვიანდება, ფეხს ვუჩქარებ, ცოტა ვიწუწები, მაგრამ არც ამაზე ფიქრის დრო არაა, თითის წვერებზე რომ ვიარო დავაგვიანებ, ვერ მივუსწრებ. ამას წინ უცნაურ ადგილას ვიყავი, შავ ბაზარზე, საათი შემომეყიდა. აქამდე არასდროს მქონია ცალკე საათი, ეს პირველია. ამოვიღე ჯიბეში გამთბარი ხელი, ცოტა წინ გავწიე, პალტოს სახელოდან საათმა გამოანათა. დამავიწყდა, რომ დრო მაინტერესებდა და ისევ ხელის ყურება დავიწყე, მერე ვიღაცამ მხარი გამკრა და ორს უკლდა ათი, ჰო, ათი, ძალიან მაგვიანდებოდა. ვუახლოვდები შესასვლეს და მუსიკა, რომელიც ყურში ჩამესმის იცვლება. ჯაზი - ყოველთვის სასიამოვნოა მსგავს ამინდში. გიგანტურ კარს მთელი სხეულით ვაწვები და ძლივს ვაღებ, პირველად ჰაერი მირტყამს სახეზე, რაც მაფხიზლებს და ვაცნობიერებ, რომ ჯერ არ მივსულვარ და ისევ მაგვიანდება. რომ შევედი მაშინ ვიგრძენი, გარეთ წვიმის სუნი იდგა, შიგნით კი ჩემი სუნამოს სურნელი მცემს.

 თავი ამოვყავი და გავეშურე მარჯვნიდან ამავალი კიბისკენ. მანამ იქამდე მივალ 45 წამი გავა, მერე 2 წუთი კიდევ უნდა ვიარო, უკვე 5 უნდა აკლდეს. საათს ვუყურებ, ოღონდ ჩემსას არა, აქ, კედელზე კიდია... ვფერხდები, რადგან ის დავინახე. გავჩერდი, ისიც გაჩერებულია, მახსენდება, რომ ჩემი დროით 5 უკლია და მე ზედმეტი 2 წუთი და 15 წამი მრჩება, ამიტომ არ ვიძვრი კიდევ რამდენიმე წამს, ის კვლავ გაჩერებულია. ვიფიქრე წავალ და მერე ერთად მოვბრუნდებით-მეთქი. რამეს თუ გადავდებ არასდროს ვასრულებ, მაგრამ ახლა სხვა შემთხვევაა, მაშინ ასე მეგონა. კვლავ სწრაფად მივაბიჯებ, დაბლა ვიყურები, ვფიქრობ მასზე, გაჩერებული იყო არა?! იქნებ მომეჩვენა?! თან ვუყურებ იატაკზე ფიგურები როგორ ცვლიან ერთმანეთს, ლამაზია, უხდება ამ შენობას, ასეთ დიდ სივრცეებს უხდება მოყავისფრო, მუქი და ღია ფერების შეხამება.

 ახლა უკვე გრძელ გვირაბში ვარ, აქედან 2 წუთი უნდა თუ კარგად ვივლი, საინტერესოა რომელია. ვიღებ თბილ ხელს ჯიბიდან,  წინ ვწევ და ანათებს ჩემი საათი, ვუყურებ, ისევ ორს უკლია ათი, გაჩერებულა, უნდა ვიჩქარო. გვირაბში აქეთ-იქით კაბინეტებია ჩამწკრივებული, იქიდან ობის სუნი გამოდის. ის ხალხიც დაობდა, ვინც ამ კაბინეტებში მუშაობენ, აბა რას იზამდნენ, იმდენი ხანია აქ არიან, რომ თქვან დაბადებიდან აქა ვსხედვართო მთლად ტყუილიც არ გამოუვათ.

 არ ვიცი რა დროა, ამიტომ გავრბივარ, პალტოს ვიხსნი, მოსახვევია, აქ შუქი არ ანთია, ახლა სიბნელეში გავრბივარ, ბოლოში რაღაც სინათლე მოჩანს, მაინც დავეჯახე, კედელზე მიდგმულ სკამს დავეჯახე, არაუშავს, ვაგრძელებ სირბილს და ვუხვევ სინათლეში. ისევ ის არის, ისევ გაჩერებულია, მეც ვჩერდები, ვუყურებ, როგორ მოახერხა ორივეგან ასე... აქაც იგივე, აქაც ცამეტი საათი და ცამეტი წუთია, დრო არ იძვრის, მე დავაგვიანე, ის წავიდა. ვიღებ თბილ ხელს ჯიბიდან, წინ ვწევ, ჩემი საათი ანათებს, ორის ცამეტი წუთია... როგორ? მე ნამდვილად დავაგვიანე...

 თვალებს ვხუჭავ და ვიძინებ!



ჰო, ვერც უნდა გაგეგოთ...


No comments:

Post a Comment