სახლიდან მთავარ ქუჩამდე წვრილი ბილიკი მიუყვება, მეც იმ ბილიკს მივუყვები ყოველ დილით. როგორც წესი ვაგვიანებ, რაც არ უნდა ადრე გავიღვიძო მაინც ვაგვიანებ და რა ვუყო. გამთენიისას ვიღვიძებ, რომ მზის ამოსვლა ვნახო. მართლაც რომ სასწაულებით ვართ შემორტყმულნი, მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს, ვერ ვასწრებთ მათ ნახვას, ვერ ვპოულობთ, რადგან ძებნას გვიან ვიწყებთ, მაშინ, როცა უკვე აღარ არსებობს. ეს რომ გავიაზრე, მაშინ დავიწყე გამთენიისას გაღვიძება, ახლა კი ყოველი დილა სასწაულით იწყება, ორი სასწაულით. ერთი ის, რომ მე ბედნიერს მეღვიძება და ეს სასწაულად მიმაჩნია, მეორე კი მზის ამოსვლაა ხოლმე. მე და მზე ვლაპარაკობთ, ბევრს ვლაპარაკობთ, მათბობს, მახარებს და მეუბნება, მე შენთან ვარ, რადგან შენში ვარ და იცოდე, არასდროს ჩააქრო ის სხივი, რომელიც გულს გიმშვენებსო. დაამატებს ხოლმე, წარმოდგენაც არ გაქვს რამოდენა განძიაო. თავიდან ვერ ვიგებდი რას გულისხმობდა, მერე კი მივხვდი, მე გულში მზის სხივი მაქვს, რომელიც ამავე დროს სხივების გენერატორია, მაგარია არა?! ჰო, მართლა მაგარია, მაგარია, რომ სხივი უსასრულობაა და ჩემს სხივს შეუძლია უსასრულოდ გამრავლდეს, რათა სხვებს გავუზიარო. ასე, მოვკიდებ ხელს სხივს ერთ ბოლოში, გამოვწევ და მოგცემ, მე ისევ იმდენი მექნება, სანაცვლოდ კი შენც გაგიჩნდება სხივი. კარგად თუ გამოიყენებ შენც შეძლებ სხვებს გაუზიარო და ასე გავმრავლდებით სხივიანები, განა სასწაული არაა?
მე ვიცი რომ მზე დამდევს, იმიტომ რომ მზე მყავს და მე მას გჩუქნი შენ, ამ საღამოს დაგიტოვებ ვიწრო ბილიკის ბოლოში.
No comments:
Post a Comment