Thursday, November 9, 2017

თვითმმართველობის არჩევნები 2017

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. წინა არჩევნებთან შედარებით წელს ნაკლები თვითმმართველი ქალაქი იყო, რადგან ზემოდან მოსული დირექტივის გათვალისწინებით რამდენიმე ქალაქში თვითმმართველობის გაუქმებას ხელი აუწიეს იმ ხალხა, რომელთა სლოგანიც არჩევნებზე "ძლიერი თვითმმართველობა" იყო. მოკლედ ვიტყვი, რომ თუკი რამემ გაამართლა უკანასკნელ წლებში, ალბათ, მოწინავე სწორედ ეს რეფორმა იყო. როგორც იქნა ორი სრულად განსხვავებულად სამართავი ობიექტი - ქალაქი და სოფელი ორი სხვადასხვა პიროვნების მმართველობის ქვეშ მოექცა და მერს და გამგებელს შეეძლოთ სპეციალიზაცია გაეკეთებინათ იმ საკითხებზე, რომელიც საკუთარი გავლენის ზონაში იყო აქტუალური, მაგრამ რად გინდა... ადმინისტრაციული ხარჯის შესამცირებლად თუ სხვა მიზნისთვის ადგნენ და გააუქმეს, წინააღმდეგობა კი, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მეტს არავის გაუწევია (ან ვინც გაუწია ოპოზიციაში აღმოჩნდა). მაგრამ სულ არ ვაპირებ ამაზე საუბარს, რადგან უკანასკნელი დღეების განმავლობაში საკუთრივ არჩევნებზე მეფიქრება და დაე, დავწერო სჯანი და ბაასნი გონებასა შინა არსებულნი.

ყოველგვარი პირადი ინტერესებიდან ვათავისუფლებ ჩემს თავს და არჩევნების ანალიზს ვაკეთებ როგორც ჩვეულებრივი ამომრჩეველი (ვცდილობ). პირველი არჩევნები იყო, რომელშიც მონაწილეობა მივიღე (ქვეყანამ გაიზარდეო). მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრჯერ მომიწევს კონვერტის ჩაგდება საარჩევნო ყუთში, როგორც პირველ არჩევნებზე, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი ვიდრე მომავალში ვიგრძნობ (სავარაუდოდ), ხო, და ვეცადე გულს მივნდობოდი... იმ საღამოსვე ჩავუჯექი არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ამბებს და ვხვდებოდი თუ რამდენად ფუჭია ჩემნაირი ტიპებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება (მაგრამ მაინც სულ რომ მივიღებ (წესით)).

მანამ 21 ოქტომბრის მოვლენებზე გადავალ გავახმოვანებ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში რომ დრო და ენერგია დაიხარჯა ამ არჩევნებზე ისე ჯერ არ მომხდარა მგონი. აგიტაცია რა, სიების შედგენა. სიებს წინ უსწრებდა კანონდარღვევაც. იმ დღეს ქალაქი სავსე იყო ე.წ. მარშუტკებით (50ზე მეტი), პოლიტიკურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიაღებინეს (დაასწრეს) სკოლის მოსწავლეებსაც, რომლებსაც პოლიტიკური ნების არჩევნებზე დაფიქსირების უფლება ჯერ არ აქვთ და ამის ორგანიზატორებად მასწავლებლები აქციეს. :/

ამას მოჰყვა "კარდაკარი".. მათ შორის მოვიდნენ ჩვენთანაც (მე გავაღე) და დაბნეულმა რაღაცეები ვიბლადუნე, ხან მეგონა საარჩევნო ბილეთის დასაზუსტებლად იყვნენ მოსულები, ხან მეგონა საერთო პოლიტიკური აზრი აინტერესებდათ, მაგრამ მანამ რამდენიმე უაზრო "აა მივხვდი რაც გინდათ" არ ვუთხარი და ცოტა არ ჩავეკითხე, არ დაასახელეს რომელი პარტიიდან იყვნენ, საბოლოოდ თავი შევიკავეთ აზრის დაფიქსირებისგან (ოჯახის სახელით) და დავემშვიდობე კოორდინატორებს.

მე რომ მეგონა იმ დღეს მხოლოდ წინასწარი განწყობა აინტერესებთ ხალხის, მაგრამ ამით როგორ გაიგებენ, ხომ ყველა მოატყუებს-მეთქი, მე თვითონ აღმოვჩნდი გულუბრყვილო. ეს აღმოჩნდა ის სიები, რომელიც სწორედ 21 ოქტომბერს გამოიყენეს. ამ დღესვე გავრცელდა სურათები და ვიდეოები თუ როგორ დგანან საარჩევნო უბანთან კოორდინატორები სიით შეიარაღებულნი და აკონტროლებენ ვინ მივიდა, ვინ არა, ვინც არა - მიიყვანენ. დიახ, ამომრჩეველთა სიის შექმნა უკანონო არაა, არც მათი აღრიცხვა, მაგრამ არაეთიკურია ასე უხეშად და მასშტაბურად. პარტიის წარმომადგენლები "სამაგიდო" ჟურნალიდან აკორექტირებდნენ არების ფურცელს.

ამას თავი გავანებოთ და უფრო გულსატკენი აღმოჩნდა ჩემთვის კვლავ მიკროავტობუსები, ოღონდ ახლა საარჩევნო უბნებთან მიყენებული ფულის გადასაცემად. როგორც მოგვიანებით გაირკვა 15 ლარი ღირდა თითო ხმა. ცესკოს განცხადებით ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემა უკანონობა არაა და ვერც შეედავები, ესეც აგიტაციის ნაწილია, მაგრამ გულდასაწყვეტია, როცა ამომრჩევლის ხმა იყიდება ერთჯერად ფულად კომპენსაციაზე (15 ლარიიიი) და არა საქმის გაკეთების იმედზე.

ჩემი აზრით, საქართველოს დიდი პრობლემა აქვს სახელმწიფოს როლის გაცნობიერებაზე და საერთოდ, დიდი პრობლემა აქვს სამოქალაქო თვითშეგნების მხრივ.

დავიწყოთ იქიდან, რომ ხალხი ვერ მიხვდა საიდან მოვიდა 15 ლარი და საიდან აღდგება დანაკარგები... კაი, ჯანდაბას, ვითომ საჩუქარია...

კონკრეტულ ქალაქზე მართლა არ ვსაუბრობ, უბრალოდ სასაცილოა, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთი თვითმმართველობაა, სადაც მმართველი პარტია არ იმარჯვებს (ისიც იმარჯვებდა, მაგრამ 1 ხმით წააგო შემთხვევით (თუ არ ვცდები 1)). ყოვლად წარმოუდგენელი მგონია, როცა საქართველოში პარტიათა ჩაონათვალი რამდენიმე ათეულია, რომ ვერცერთმა მოახერხა, თუნდაც ერთ რეგიონში წამოეყენებინა მერობის ისეთი კანდიდატი, რომელსაც გასამარჯვებლად საკმარისი ავტორიტეტი ექნებოდა.

მე მგონია, რომ ამ არჩევნების ბედი გადაწყვიტა 15-მა ლარმა და მრცხვენია, მრცხვენია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ვერ გათვალა რამდენი მილიონი დაკარგა აღებული 15 ლარის ნაცვლად, მრცხვენია, რომ ვერ გავიაზრეთ თუ რა შედეგი შეეძლო მოეტანა არჩევნებს, მრცხვენია, რომ საკუთარი აზრი გავცვალეთ 15 ლარზე, შევშინდით, დავიკიდეთ, დავდუმდით.

მე იმედი მაქვს, რომ ჩემი შეფასება იქნება მცდარი მომავლის შესახებ, იმედი მაქვს, რომ გაკეთდება ის საქმე, რის გაკეთებასაც არ ველოდები, მე იმედი მაქვს, რომ ხალხი იქნება კმაყოფილი.

"ყოველი ერი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას ჰყავს"

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მაშინ ავირჩევთ საუკეთესო ხელისუფლებას, როცა საკუთარ რესურსს დავხარჯავთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე და ჩვენვე ვიქნებით ყველანაირი გამოსვლისა და პროტესტის ინიციატორები.

ისე ოპოზიციური განწყობა მაქვს ხოლმე ყოველთვის და რაღაცნაირად მომწონს ეს :) 

საინტერესო იქნებოდა წინასაარჩევნო რეკლამები რომ განმეხილა მაგრამ გვიანაა ახლა, არა და საინტერესო პირობები ჰქონდათ :) ცოტას ვიცინებდი მაინც ^_^

No comments:

Post a Comment