Sunday, February 19, 2017

La Dolce Vita (1960)

ფედერიკო ფელინის ფილმი "ტკბილი ცხოვრება" ეგზისტენციალურ საფუძვლებზეა აგებული. ფილმში მთავარ როლს ასრულებს მარჩელო მასტროიანი, რომლის გმირსაც ასევე მარჩელო ჰქვია. ახალგაზრდა ჟურნალისტს ერთი შეხედვით ტკბილი ცხოვრება აქვს, მაგრამ მთელი ფილმი მოგვითხრობს იმ სიტკბოებაზე, რომელიც ისეთი არ არის როგორიც ჩანს ან როგორიც უნდა იყოს. სიმდიდრე, მუსიკა, გართობა, მაღალი საზოგადოება, ალკოჰოლი, თავისუფლება - განა ეს საკმარისი არ არის ბედნიერებისთვის?! რა უშლის მარჩელოს ხელს დატკბეს ამ ყველაფრით?!
რეჟისორი დასაწყისშივე გვაფრთხილებს, რომ ყველა პერსონაჟი გამოგონილია და ნებისმიერი მსგავსება შემთხვევითია, მიუხედავად ამისა, ფილმმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან მასში არა რომელიმე კერძო ადამიანის ამბავია აღწერილი, არამედ ნაჩვენებია მთელი საზოგადოების სახე, რომლის წევრებსაც თითქოს ერთბაშად ააფარეს სარკე თვალებთან და უთხრეს, რომ მათი ყოველი დღე და მთელი ცხოვრება ამაოა.

 ფილმი იწყება ქრისტეს ქანდაკების ვერტმფრენით გადატანით ვატიკანში, იხატება ერთგვარი კომიკური სურათი, რადგან ხელებგაშლილი ქრისტე ჯერ რომის ისტორიულ ნანგრევებს გადაუფრენს, შემდეგ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს, რომელთა შორისაც ბავშვები თამაშს მოსწყდებიან და ვერტფრენს ჟივილით გაეკიდებიან, გადაუფრენს მშენებლებსაც და ბიკინებში ჩაცმულ ქალებსაც, რომლებიც ირუჯებოდნენ, ამ უკანასკნელთა დანახვისას კი მეორე ვერტმფრენი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ მობრუნდება და ამ დროს მარჩელო ეცდება კეკლუც ქალებს ნომერი გამოართვას, მაგრამ უარს იღებს. პირველი ეპიზოდიდიდანვე ჩანს ის ახალგაზრდული სილაღე, რომელიც ფილმის გმირთა უმრავლესობას აქვს. ფაბულა განვითარებას იწყებს კლუბში, სადაც მარჩელო შემთხვევით ხვდება მშვენიერ მადალენას. ამ დღეს მადალენა მალევე ტოვებს კლუბს, ხოლო მარჩელო აცილებს მას, გარეთ გასვლისას მადალენა სწრაფად იქცევს ფოტოგრაფების (ჟურნალისტების) ყურადღებას, რომლებმაც უკვე დიდი ხანია მოაბეზრეს თავი. კადილაკი (ან უბრალოდ დიდი მანქანა) ხაზს უსვამს ქალის სოციალურ მდგომარეობას, გზად ისინი საუბარს იწყებენ რომზე, რომზე რომელიც ერთისთვის გაუვალ ჯუნგლებს ჰგავს, სადაც ადვილად დაიმალება, ხოლო მეორეს სურს რომ იცხოვროს იქ, სადაც არავინ იცნობს, უკაცრიელ კუნძულზე, რადგან დამალვა კარგია, მაგრამ მას არ შეუძლია. მომნუსხველია ანუკ ემეს (მადალენა) სილუეტი, მას კიდევ მეტად ამშვენებს ნახევრად გამჭირვალე შავი კაბა, მაგრამ უცნაურია ის ლაქა (დაზიანება), რომელიც მას თვალქვეშ აქვს, ფილმის ბოლომდე ამოუცნობია თუ რა დაემართა ქალს. ეპიზოდი ვითარდება მეძავებთან საუბრითა და ბოლოს ერთ-ერთი მათგანის სახლში წაყვანით, რომელსაც რთულად თუ ვუწოდებთ სახლს, დატბორილი სარდაფი. როგორც ჩანს მადალენასთვის ყველაფერი უაზროა და აღარ იცის რით შეიქციოს თავი, მისი ცხოვრება სტაბილურად სკანდალებით მიედინება და ყველაფერს ფასი აქვს დაკარგული. მეძავის საძინებელში მადალენა სექსს სთავაზობს მარჩელოს, კადრების მიხედვით ისინი მთელ ღამეს საძინებელში ატარებენ და დილით ტოვებენ ამ შორეულ უბანს, მაგრამ რეალურად ჩვენ არაფერი გვინახავს, არც კი ვიცით რა მოხდა კარის დახურვის შემდეგ იმ ოთახში და ზოგადად მთელი ფილმი გვიქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მარჩელო განებივრებული ლამაზ ქალებთან კავშირით (სექსით), მაგრამ ერთი კადრიც კი არ არის რომელსაც დასტურად მოვიყვანთ.

 ილუზიაა მარჩელოს სრული თავისუფლება, სინამდვილეში მას ოდნავ შეშლილი საცოლე ჰყავს სახელად ემა (ივონ ფიურნო), რომელსაც სახლში თვითმკვლელობის მცდელობისას მიუსწრებს. ჰოსპიტალში მიყვანისას ვხედავთ, რომ მარჩელოს ისიც ძალიან უყვარს, მაგრამ კვლავ მადალენასთან ცდილობს დაკავშირებას. მარჩელო თავბრუდამხვევ გარემოში ტრიალებს და ხან ერთ ქალს მიაშურებს ნუგეშისთვის, ხან მეორეს, შეიძლება ამერიკელი ვარსკვლავის სილამაზემაც დაააბრმავოს. სილვია, ანუ ანიტა ეკბერგი, მართლაც დამაბრმავებელი სილამაზის პატრონია, მისი ბრწყინვალება ყველას ხიბლავს, მაგრამ მასთან მთელი დღის გატარების ბედნიერება ბევრს არ ხვდება წილად. არაჩვეულებრივი ეპიზოდებია გადაღებული სილვიას მონაწილეობით, ამ ქალს შეუძლია კაცების მოჯადოება, მაგრამ გვაოცებს მისი ბავშვურობა, რომლის გამოც მას შეუძლია პატარა კნუტისთვის რძის მოსატანად მამაკაცს მთელი რომი შემოატაროს ღამით. ყველაზე საინტერესო მომენტი ტრევის შადრევანში ვითარდება. სილვია უეცრად იკარგება და მარჩელო მას ტრევის შადრევანში მოთამაშეს პოულობს, კაცი ფეხსაცმელს იხდის და მთვრალივით მიტოპავს წყალში, უახლოვდება ქალღმერთს და მის კოცნას ცდილობს, მაგრამ სილვია, როგორც ღამის სიზმარი ასე ახლოს და მაინც მიუწვდომელი, როგორც მაშინ, წმინდა პეტრეს გუმბათის კიბეებზე. ცნობილია, რომ ამ სცენის გადაღებისას მასტროიანი მართლაც მთვრალი იყო, თუმცა სიყვარულის ნაცვლად არყით, რადგან ყინვისას ცივ წყალში ჩასვლა არ უნდოდა.

 სიზმარი მთავრდება გათენებისას, როცა სილვია ბრუნდება სასტუმროში, სადაც მისი საქმრო ხელს გაარტყამს ღამით უცხო კაცთან ერთად გაუჩინარებისთვის, შემდეგ კი არც მარჩელოს დაინდობს რობერტი.

 შემდეგ ეპიზოდში ჩნდება სტეინერი, მარჩელოს მეგობარი, რომლის ქცევაც გარდამტეხი აღმოჩნდება მარჩელოს თვალის ახელვაში, თუმცა ჯერ ტაძრის ჩვეულებრივი სტუმარია სანსკრიტის გრამატიკით ხელში, რომელსაც ორღანზე დაკვრა სურს. ეს ეპიზოდი მნიშვნელოვანია მიწვევით, რომელსაც მარჩელო იღებს, აქედან იხსნება იმ მაღალ საზოგადოებაში დამკვიდრების პროცესი, რომელიც უბრალო ჟურნალისტისთვის ასეთი სასურველია.

 მომდევნო ამბავი გროტესკულად გვიჩვენებს ბრბოს სახეს, ერთი შეხედვით ის ამოვარდნილია საერთო ფაბულიდან: მაღალი საზოგადოება, მაგრამ მინიშნებაა იმისა, რომ ისინიც ბრბოს წარმოადგენენ. ამ შემთხვევაში ფელინი გვამოგზაურებს ცრუ-სასწაულის სამყაროში. რომიდან მოშორებით ორი ბავშვი ხესთან ხედავს მადონას (ღვთისმშობელი), ჩასულ ჟურნალისტებს კი ხვდებათ კომერციული მშობლები და ყველა კუთხიდან შეკრებილი ფანატიკოსთა მასა. ამ ეპიზოდში კიდევ მეტად იხსნება ემას სახე, ის ლოცულობს მარჩელოს სიყვარულისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ეს ქალია ერთადერთია, რომელსაც, მიუხედავად უარყოფისა, მაინც გულწრფელად უყვარს მარჩელო.
 დამცინავი ტონი მწვავდება მაშინ, როდესაც ბავშვები აბნევენ მასას, ისინი ჯერ ერთ მხარეს ხედავენ მადონას, შემდეგ მეორე მხარეს და აღმოჩნდება, რომ ბავშებს ვეღარავინ ხედავს და ხალხი უმისამართოდ დარბის, ბოლოს დაბნეული მორწმუნეები იმ ხის გატყავებას იწყებენ, რომლის ქვეშაც მადონა უნდა ეპოვათ, ისინი ცხოველებივით ესევიან პატარა ხეს, როგორც უკანასკნელ ლეშს, რომლის შეჭმასაც შეძლებენ, სათითაოდ ატეხენ ტოტებს და ჯიბეებში იტენიან ფოთლებს. მაშინ, როცა სასწაულებრივად უნდა განკურნებულიყო ყველა ტრიალდება სიკვდილიც.

 წვიმიანი "ხსნის" ღამის შემდეგ ერთი ცრუ საზოგადოებიდან მეორე ცრუ საზოგადოებაში ვინაცვლებს, ახლა უკვე სტეინერის სახლში. მარჩელო ხვდება ხალხს, რომელთაც ესაუბრება საკუთარ წიგნზე, აქამდე საკუთარი თავით უკმაყოფილო ხვდება თაყვანისმცემელს. სტეინერი კი მის მეუღლესთან საუბრისას აღნიშნავს, თითქოს დიდი ხანია იცნობს ემას, ის, ალბათ, საკუთარ თავს ხედავს მასში და მიუგებს "როცა მარჩელოს საკუთარ თავზე მეტად შეიყვარებთ, თავს ბედნიერად იგრძნობთ", ის კი არ იცის, რომ ემას უკვე დიდი ხანია დაავიწყდა ვინ არის თვითონ. ამის საწინააღმდეგოდ სტეინერის ცოლი კონტრარულ რჩევას იძლევა: "მამაკაცების მიმართ უფრო მომთხოვნი იყავი, დაე მათ იზრუნონ თქვენზე და არა თქვენ მათზე". ეს ინტელექტუალთა კრება ფორმდება აღმოსავლელი ქალის შემოთავაზებული ჰანგებით და ერთ-ერთი აზიაზე შეყვარებული მამაკაცი შეუწყვეტლივ აქებს აზიატ ქალებს. მისი სიტყვები უაზრო კომბინაციაა გაჯერებული ერუდირების ელფერით, მაგრამ ერთგან ამბობს ასეთ რამეს: "აღმოსავლელ ქალს უყვარს როგორც დედას, როგორც ცოლს და როგორც საყვარელს" აქამდე დავინახეთ, რომ ემას მარჩელო უყვარს როგორც დედას, ეს გამოიხატა მის გადაჭარბებულ მზრუნველობაში, სილვია წმინდად იყო საყვარელი, ხოლო რაც შეეხება ცოლს, ამ ადგილს უდავოდ იკავებს მადალენა, რაც მომავალში კიდევ ერთხელ გამოჩნდება კითხვაში "ცოლად მომიყვანდი?". საღამო გრძელდება დიალოგებითა და მუსიკით, ემა კიდევ ერთხელ შეახსენებს ოჯახს, მაგრამ მარჩელო მხოლოდ თავის დამკვიდებაზე ფიქრობს, მისი საუბარი სტეინერთან ამ ორ პერსონაჟს ერთმანეთს უპირისპირებს, სტეინერი მარჩელოსთვის უნაკლო ცხოვრების მქონე, მაგრამ მატერიალიზმს შეზიზღებული ადამიანი, რომელსაც სურს სულს მიხედოს და ამავე დროს მარჩელო, რომელიც უყვება მეგობარს თუ რაგვარ სიცარიელეს გრძნობს თავისი ცხოვრებით, როგორ სურს შთაგონება, წიგნის დაწერა და თავისუფლება. სტეინერი ერთადერთია, რომელიც ფილმში ხვდება რისი ეშინია და როგორი ცხოვრება არ სურს. მარჩელოს ურჩევს, რომ სტატიების წერას დაანებოს თავი და წიგნი დაწეროს, და ისიც უჯერებს. ფილმის ცენტრალური ამბავი წიგნის წერის მცდელობაა. მარჩელო კაფეში ზის თავის საბეჭდთან ერთად და გაესაუბრება ახალგაზრდა მიმტანს, რომელიც უმნიშვნელო პერსონაჟი გვგონია ჯერჯერობით. ამ ეტაპიდან მარჩელოს მდგომარეობა დაღმავალია, ის ხვდება მამას, რომელიც ახალგაზრდა ქალს ეფლირტავება, ეს მარჩელოსთვის გამაღიზიანებელია, რადგან მამისთვის შეუფერებლად მიიჩნევს და ირონიულად მამას ჯანმრთელობის პრობლემა მაინცდამაინც ფრანგი მსახიობის საძინებელში ექმნება. შემდეგ იწყება გაუთავებელი დროს ტარება, უაზრო თამაშები, მოჩვენებების დევდა, დროის ფლანგვა და მუზის ძიება. მარჩელო ბედნიერია ემას გარეშე, ის არ ჯდება მის გეგმაში, რადგან მხოლოდ სამზარეულო და საძინებელი ანაღვლებს, მაგრამ ეს ბედნეირება გრძელდება მანამ, სანამ სტეინერი არ მოკლავს თავის ორ შვირს და არ მოიკლავს თავსაც. გარდამტეხი მომენტი სწორედ მაშინ დგება, მარჩელო ხვდება საკუთარი ცხოვრების სიცარიელეს, ახლა უკვე იმ ცხოვრებისას, რომელიც მუზებითაა აღსავსე, ნაცნობებით, შეკრებებით, ახლა ეს ცხოვრებაც ცარიელდება, მაგრამ მარჩელო ვეღარსად გაურბის მას.

 შემდეგ ეპიზოდში გრძელდება ჩვეული გართობა, ახლა უკვე ნადიას განქორწინებას აღნიშნავენ სახლში, რომელშიც შეიჭრნენ. ულოცავენ თავისუფლებას, თვითონ ნადიაც ფიქრობს, რომ გათხოვება მხოლოდ იმიტომ ღირს რომ განშორების შემდეგ ჩიტივით თავისუფალი იყო.

 ფილმი სიმბოლოებითაა გაჯერებული და ცენტრულია, სიმეტრიულადაა განაწილებული ამბები. დასასრულს რიკარდოს სანაპირო სახლიდან გამოძევებული მეგობრები ხედავენ უზარმაზარ მონსტრ თევზს, რომლის ყიდვაც სურთ მეთევზეებისგან. მეორე ნაპირიდან პაოლა, ის მიმტანი, რომელიც თითქოს მნიშვნელოვანი არ იყო, ხედავს მარჩელოს და ცდილობს მას რაღაც უთხრას. თევზი სიმბოლურად უფალს გამოსახავს, ისევე როგორც მისი ქანდაკება გამოსახავდა ფილმის დასაწყისში, გარდა ამისა დასაწყისშიც და დასასრულშიც კომუნიკაციის პრობლემა იკვეთება (ნომრის გამორთმევის სურვილი და პაოლასგან იმის გაგების სურვილი თუ რას ამბობს), ცენტრალური ამბავი პაოლასთან შეხვედრას სწორედ ამიტომ ვუწოდე. თუკი ფილმში რომელიმე პერსონაჟს უნდა დავაკისროთ ანგელოზის ან სისპეტაკის სიმბოლო, ეს პაოლაა. რეჟისორი ამ როლისთვის ეძებდა იდეალურ მსახიობს, ფილმის დაწყებამდე ეს როლი კვლავ თავისუფალი იყო, საბოლოოდ მეგობრის შვილი აღმოჩნდა ის შესაფერისი მსახიობი, რომელსაც პაოლას როლი არგუნა ფედერიკომ.

 ფილმზე ამბობენ, შვიდ მომაკვდინებელ ცოდვაზეაო და ყოფენ კიდეც ამ ეპიზოდებად. ეგ არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, ესაა ერთ-ერთი ყველაზე ამორალური ფილმი რაც კი მინახავს. ვერ ვიგებ იმედიანად სრულდება ის, რადგან ეპილოგში თევზი და პაოლა ჩნდებიან, თუ უიმედოდ, რადგან თევზის ყიდვა მოისურვეს და პაოლას ხმა ვერ გაიგო მთავარმა გმირმა. ესაა ფილმი 60იანი წლების მდიდარი საზოგადოების ცარიელ იმედებსა და რწმენაზე, ესაა ფილმი უაზრო ცხოვრებაზე, ესაა ფილმი ნამდვილ სიყვარულზე, ნამდვილ თამაშსა და ნამდვილ სიზმრებზე, ესაა ფილმი უტოპიაზე, ლამაზი კადრებით და უაზრო კადრებით, ესაა ფილმი რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო გრძელიც და უფრო მოკლეც, ესაა ფილმი, რომელსაც უნდა უყურო...
პ.ს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, მუსიკა, რომელიც ერთი-ორად ღირებულს ხდის ამ ფილმს...

No comments:

Post a Comment